Tuesday, May 7, 2019

იგავი მოხუც ქალზე, რომელიც ყველა ასაკის ადამიანმა უნდა წაიკითხოს და დაფიქრდეს

იგავი მოხუც ქალზე, რომელიც ყველა ასაკის ადამიანმა უნდა წაიკითხოს და დაფიქრდეს
ერთ მოხუცებულ ქალბატონს ორი დიდი დოქი ჰქონდა. გაიდებდა ხოლმე ქალი მხრებზე ჯოხს, ერთ მხარეს ერთ დოქს დაჰკიდებდა, მეორე მხარეს კი მეორეს და მიდიოდა წყაროზე წყლის მოსატანად. ერთი დოქი გაბზარული იყო, მეორე კი - მთელი. ქალს მთელი დოქი მუდამ წყლით სავსე მიჰქონდა სახლამდე, გაბზარული კი - ნახევრად დაცლილი.
ასე გავიდა ორი წელი, ამ ხნის მანძილზე ქალს სახლში ყოველდღიურად დოქანახევარი წყალი მიჰქონდა. მთელი დოქი ამაყობდა საკუთარი თავით, გაბზარულ დოქს კი ცხვენოდა თავისი ნაკლის და თავსცუდად გრძნობდა, რადგან მხოლოდ ნახევარი საქმის გაკეთება შეეძლო.
ერთ დღესაც, როდესაც ქალი წყაროზე წყალს ავსებდა, საკუთარ უსარგებლობაში დარწმუნებული დოქი ალაპარაკდა: „ძალიან მრცხვენია ჩემი ნაკლის. სწორედ ამის გამოა, რომ ჩემში არსებული წყლის ნახევარი იღვრება, ვიდრე სახლამდე მივალთ“.
მოხუც ქალს გაეღიმა და დოქს უთხრა: „ოდესმე თუ შეგიმჩნევია, რომ ბილიკის გასწვრივ, შენს მხარეს უამრავი ლამაზი ყვავილია ამოსული, მეორე მხარეს კი –არა? ყოველთვის კარგად მესმოდა შენი ნაკლის შესახებ, ამიტომაც დავთესე ყვავილები ბილიკზე.
ყოველდღე, როდესაც სახლში მივდიოდით, შენ უბრალოდ კი არ ღვრიდი წყალს, არამედ ყვავილებს რწყავდი. ყვავილები იზრდებიან, ყვავილობენ და ალამაზებენ არემარეს. მე ვკრეფ მათ, სახლში მიმაქვს და ჩვენს სახლსაც ვამშვენებ. ასეთი რომ არ ყოფილიყავი, როგორიც ხარ, მე ამ სიამოვნებას ვერ მივიღებდი და არც ბილიკს და არც ჩვენ სახლს არ დაამშვენებდა ულამაზესი ყვავილების სილამაზე და სურნელი.

Wednesday, June 6, 2018


                                            მოგესალმებით ჩემს ბლოგზე!
   მე  ვარ  სოფიო  ივანიაძე,  ანდრია  რაზმაძის  სახელობის   ქ. ქუთაისის  N41  ფიზიკა-მათემატიკის  საჯარო  სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი.
ეს ბლოგი ერთგვარი ელექტრონული რესურსია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის. ვცდილობ, სათქმელი გავუზიარო  მკითხველებს; მინდა, შეგვეძლოს ინფორმაციის გაცვლა. კარგი იქნება, ბლოგმა გეზი მისცეს მასწავლებლებს სხვადასხვა სტრატეგიების, მეთოდების და მიდგომების გასავითარებლად და დასახვეწად...
ჩემთვის მნიშვნელოვანია  მკითხველების აზრი ბლოგის, მისი თემატიკის, მისი შინაარსის და სტრუქტურის შესახებ. იმედია, ამ კითხვებზე პასუხი დამეხმარება ბლოგი უფრო აქტუალური, საინტერესო და პრაქტიკული გავხადო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

Monday, April 23, 2018

იკითხე წიგნები და უკეთესად იქნები...

    წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები, ხოლო მის გმირებს პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ



ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. 

ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. 

თუ ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. 

ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. 

დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია? 

რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“ ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.

წიგნის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. 

იხილეთ ასევე: 23.04.2018წყარო: http://www.etaloni.ge/geo/main/index/6473

Thursday, April 19, 2018

რისთვის სჭირდებათ წიგნები ბავშვებს? - ასტრიდ ლინდგრენის გენიალური განმარტება




ბავშვები სამზარეულოში ვისხედით და დაჭყეტილი თვალებით შევყურებდით ამ უცნაურ ხალხს - მაწანწალებში რაღაც ზღაპრულს ვხედავდით. განსაკუთრებით საინტერესოდ და უცნაურად ის გვეჩვენებოდა, რომ ქვეყნიერებაზე არის ხალხი, რომელსაც არა აქვს სახლი და სოფლის შარაგზებზე დაეხეტება. ჩვენ გლეხის შვილები ვიყავით და ამის გაგება არ შეგვეძლო. ბევრი მაწანწალა მეგობრული, მოლაყბე და კეთილი იყო, ზუსტად ისეთი, როგორც ოსკარია ჩემი წიგნიდან. ისინი ათას რამეს ყვებოდნენ და ყველა ძალიან მომწონდა.

როდესაც ჩემი ბავშვობის წლებს ვიხსენებ, მგონია, რომ მას შემდეგ ასმა წელიწადმა მაინც განვლო, ისე შეიცვალა სამყარო. მე დაბადება მოვახერხე სწორედ იმ საუკუნის ბოლოს, რომელსაც „ცხენების საუკუნეს“ ეძახიან. ათეული წლებით გვიან რომ გავჩენილიყავი, ვერასოდეს დავწერდი ამ წიგნს, ვერაფერს შევიტყობდი იმ ისტორიამდელ ეპოქაზე, როდესაც შარაგზებზე მაწანწალები დაეხეტებოდნენ და ხალხი მანქანებით კი არა, ცხენებშებმული ოთხთვალებით დადიოდა.

რა სჯობდა ბავშვისთვის „ცხენების საუკუნეში“ ცხოვრებას; ყოველ შემთხვევაში ჩემი ბავშვობა შეიძლება ბედნიერად ჩაითვალოს. როდესაც „მაწანწალა რასმუსს“ ვწერდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დაკარგულ სამოთხეში დავბრუნდი. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ეს ქვეყანა სამოთხე იყო მაწანწალა ოსკარისთვისაც, ანდა ობოლი რასმუსისთვის. ეს ჩემთვის იყო სამოთხე.

მშვენიერია ხელმეორედ დაბრუნება სამოთხეში, როდესაც წიგნს წერ; მშვენიერია, როდესაც ისევ ბავშვად გადაიქცევი.

ვფიქრობ, ასე უნდა იყოს ყველა, ვინც ბავშვებისთვის წერს. არ შეიძლება, მხოლოდ დაჯდომა და რაღაც ისტორიების შეთხზვა. საკუთარ ბავშვობაში უნდა ჩაყურყუმელავდე, გაიხსენო მაშინდელი გარემომცველი სამყარო და მისი სურნელი, გაიხსენო, როგორ გაცმევდნენ და როგორ გრძნობდი თავს ამ ტანსაცმელში გამოწყობილი, რაზე გეცინებოდა და რაზე ტიროდი.

„უფროსებისთვის“ თუ შეგიძლიათ წიგნის დაწერა? - მეკითხებიან ხოლმე. ასე მეკითხებიან, გულში კი ფიქრობენ: მაგან უკვე იმდენი საბავშვო წიგნი დაწერა, დროა, რაიმე უფრო ღირებულს მოჰკიდოს ხელიო. არა! მე არ მინდა „უფროსებისთვის“ წერა! მე მინდა ვწერო ისეთი მკითხველებისათვის, რომელთაც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. სასწაულებს კი მაშინ ახდენენ ბავშვები, როდესაც წიგნებს კითხულობენ. ისინი ახალისებენ უფერულ აზრებს, სიტყვებს და ბრწყინვალებას მატებენ ჩვენს ნაწარმოებებს. მწერალს არ შეუძლია მარტომ შექმნას მთელი ის იდუმალება, რასაც წიგნი იტევს. მას მკითხველები ეხმარებიან, მაგრამ „უფროსების“ მწერალს ამ საქმეში არ ჰყავს ისეთი შესანიშნავი დამხმარეები, როგორც ჩვენ. მისი მკითხველები არ ახდენენ სასწაულებს. მხოლოდ ბავშვის ფანტაზიას ძალუძს ზღაპრული ციხე-დარბაზების აგება. ბავშვის ფანტაზია სჭირდება წიგნს, მაგრამ უფრო მეტად სჭირდება იმ წიგნს, რომელიც მას ცხოვრებაში და გაზრდაში ეხმარებაა.

წიგნს ვერაფრით შეცვლი. წიგნი ფრთებს ასხამს ფანტაზიას. თანამედროვე ბავშვები უყურებენ კინოფილმებს, ტელევიზორს, უსმენენ რადიოს, კითხულობენ ილუსტრირებულ ჟურნალებს - კი, ეს ყველაფერი შეიძლება საინტერესოა, მაგრამ არაფერი აქვს საერთო ფანტაზიასთან. წიგნთან პირისპირ დარჩენილი ბავშვი კი, თავისი უმანკო სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს.

ბავშვური ფანტაზია დაუშრეტელია, მის გარეშე კაცობრიობა გაღატაკდებოდა. ყველაფერი დიდებული, რაც კი ოდესმე სამყაროში აღსრულებულა, თავდაპირველად ადამიანის წარმოსახვაში დაბადებულა. ხვალინდელი სამყაროს ბედი ბევრადაა დამოკიდებული დღევანდელ პატარებზე, მათზე, ვინც სწორედ ახლა სწავლობს კითხვას. აი, ამისთვის სჭირდებათ ბავშვებს წიგნები.“

ასტრიდ ლინდგრენის სიტყვა წარმოთქმული ჰანს ქრისტიან ანდერსენის საერთაშორისო ოქროს მედლის გადაცემისას

წყრო:

http://www.etaloni.ge/geo/main/index/8006


Friday, January 19, 2018

"ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან'' - აბრაამ ლინკოლნის წერილი თავისი ვაჟის მასწავლებელს


     ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ    მათ სხვები არ ეთანხმებიან'' - აბრაამ ლინკოლნის წერილი თავისი ვაჟის მასწავლებელს

ვიდრე აბრაამ ლინკოლნის (ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი) შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს.
''ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას. ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზე. ყოველი თავგადასავალი თავისთავში ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს და წინსვლა, რომ შევძლოთ საჭიროა გქონდეს რწმენა, სიყვარული და მხნეობა.

ძვირფასო მასწავლებელო,

მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, თუმცა ასევე მსურს იცოდეს, რომ ყოველი არამზადის უკან გმირი იმალება.

ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია. ეს დიდ დროს მოითხოვს, ვიცი ასეა, მაგრამ მინდა ხვდებოდეს, რომ დოლარს, რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა, უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე 5 დოლარს, რომელიც შემთხვევით იპოვა.

ასწავლეთ რა არის დამარცხება და უთხარით, რომ ისიამოვნოს გამარჯვებით. გაათავისუფლეთ შურისაგან და თუ შეძლებთ ასწავლეთ, გულწფელი ღიმილი.

ასწავლეთ, წიგნების ფასი, მაგრამ ამავდროულად ბუნების სიყვარულიც შთააგონეთ - ისწავლოს დატკბეს ცაში მფრინავი ფრინველების ცქერით, ყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით.

ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და სითაღლითე.

ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან.

ასწავლეთ იყოს კეთილი კეთილთა და მტკიცე მტკიცეთა მიმართ.

ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა... და ამასთან ერთად კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.

თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს, როცა მოწყენილია და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არ არის.

ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები, თუმცა ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.

ასწავლეთ, თუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი.

უთხარით, ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ადამიანთა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს.

შეიძლება დიდი გამოწვევაა, მაგრამ მსურს, დავინახო რა შეგიძლიათ. ის ხომ ასეთი კარგი ყმაწვილია - ჩემი საყვარელი შვილი!''

წყარო: 4motivi.com   
http://www.etaloni.ge/geo/main/index/4028



Tuesday, September 5, 2017

არის თუ არა, მზად თქვენი შვილი სკოლაში წასავლელად?!


             
                     არის თუ არა, მზად თქვენი შვილი სკოლაში წასავლელად?!
სასკოლო სწავლების დაწყება ბავშვის ცხოვრებაში უმიშვნელოვანესი მოვლენაა. იგი ერთდროულად უამრავი სიახლის წინაშე დგება. 
თუ ბავშვს არ აქვს შესაბამისი სასკოლო მზაობა, შესაძლოა სკოლაში მისვლა მისთვის გადაულახავი სიძნელეებისა და ფსიქიკური ტრავმების დასაწყისი აღმოჩნდეს. ალბათ, ყველა მშობელს აინტერსებს, თუ რა არის სასკოლო მზაობა და როგორ განისაზღვრება ის. 
ფსიქოლოგების განმარტებით, სასკოლო მზაობაში იგულისხმება განვითარების იმ დონის მიღწევა, როცა ბავშვს შეუძლია დაიწყოს და მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სწავლებაში. 
პირველკლასელს უნდა ჰქონდეს მოსწავლისთვის საჭირო ყველა ნიშანი, განვიხილოთ თითოეული მათგანი.
1. გონებრივი ნიშანი - გონებრივი მოწიფულობა, რომელშიც იგულისხმება აღქმის დიფერენციაცია. ყურადღების ნებისმიერი კონცენტრაცა. ანალიტიკური აზროვნება, სინამდვილისადმი რაციონალური მიდგომა, ლოგიკური მეხსიერბა, მიზანწრაფულობა, ცოდნის დაუფლების ინტერესები, სიმბოლოების გაგების უნარი. განვითარებული მოტორიკა (რაშიც იგულისხმება წიგნის ფურცვლის, კალმის დაჭერის უნარი.)                                                                       
2. ემოციური მოწიფულობა- შედარებით უკეთესი ემოციური სტაბილურობის მიღწევა, იმპულსური რეაქციების შემცირება. სასკოლო საქმიანობის მოტივირებისას ემოციების გამოყენება
3. სოციალური მოწიფულობა- ბავშვს უნდა ჰქონდეს სურვილი კონტაქტი დაამყაროს თანატოლებთან და გარკვეულწილად დაექვემდებაროს ბავშვთა კოლექტივის ინტერესებს. მიიღოს საკუთარი როლი სასკოლო სწავლების სოციალურ სიტუაციაში.
მშობლები და ფსიქოლოგები სკოლისთვის მზაობაში განსხვავებულ აქცენტს აკეთებენ.
მშობელთა უმრავლესობისთვის წერა–კითხვის ცოდნა ბავშვის სკოლაში ადრე შეყვანის მიზეზი ხშირად ხდება. ფსიქოლოგები კი აქცენტს სოციალურ, ფსიქო ემოციურ, ინტელექტუალურ მზაობაზე აკეთებენ  და აქვე  ბავშვის აკადემიურ და ფსიქიკურ უნარჩვევებს ითვალისწინებენ, ასევე მოტორიკის განვითარების დონეს. ყველა ამ ჩამოთვლილი უნარჩვევბის განვითარება ბავშვებში ინდივიდუალურია და სხვადსხვა ფაქტორი განაპირობებს. ერთი ასაკი არ ნიშავს განვითარების თანაბარ დონეს. სასკოლო მზაობაზე მსჯელობისას, თანამედროვე მკვლევარები და პრაქტიკოსები მის კომპლექსურ ხასიათს უსვამენ ხაზს და ბავშვის სასკოლო მზაობას  იმ გარემოსთან მიმართებაში განიხილავენ, რომელშიც იგი ვითარდება.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ასაკი, რა ასაკშია იგი მზად სკოლაში შესავლელად?! ამ კითხვაზე არაერთგვაროვანი პასუხი არსებობს რაც სხვადასხვა ქვეყანაში სკოლაში შემსვლელთა მინიმალურ ასაკზე აისახება. არსებობს ქვეყნები მაგალითად ბრიტანეთი და ავსტრალიის ზოგიერთი შტატი, სადაც სწავლას 5 წლის ასაკში იწყებენ.  ნორვეგიაში, გერმანიასა  და საფრანგეთში – 6 წლის ასაკში. პოლონეთში,  ფინეთსა და ავსტრიაში – 7 წლის ასაკში.    აშშ-ში ეს ასაკი  5-დან 8 წლამდე მერყეობს.  ზოგიერთ ქვეყანაში სწავლის დაწყების ასაკი მკაცრად არ არის განსაზღვრული. მშობელს შეუძლია ბავში სკოლაში  ერთი წლით გვიან ან ერთი წლით ადრე შეიყვანოს.  ამის ერთერთი მაგალითია შვედეთი, სადაც სასკოლო ცხოვრება  6-7 წლის ასაკში იწყება.თუ  წარმატებული საგანმანათლებლო სფეროს მქონე ქვეყნების გამოცდილებას გავიზიარებთ, სკოლისთვის მზაობა სასკოლო პროგრამის მოთხოვნებთან მიმართებაში უნდა შეაფსდეს. რათა  მაქსიმალურად მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა შეიქმნას.  დასავლეთში სკოლამდელი განათლება და სასკოლო განათლება ერთმანეთთან გარკვეულ თანხვედრაშია და მკვეთრად არ ემიჯნება ერთმანეთს. არსებობს სკოლისთვის მოსამზადებელი კლასები, რომელიც სკოლის ან ბაღის ბაზაზეა შექმნილი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სწავლა შვიდი წლის ასაკში იწყება, თუმცა ექვსი წლიდან ბავშვი უკვე  სავალდებულო სწავლების ციკლში ერთვება.
საქართველოში 2010 წლიდან მინიმალურ სასკოლო ასკად 5 წელი განისაზღვრა და მშობელთა ნაწილმა საკუთარი შვილი სკოლაში 5 წლის ასაკში შეიყვანა. 2013 წლის მონაცემებით პირველკლასელთა 11%  5 წლის იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარადა კვლევები, სადაც მთელი რიგი პრობლემები გამოვლინდა. „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა კვლევა საიდანაც ნათელი გახდა, რომ მშობლები სასკოლო მზაობად ლექსებისა და წერა–კითვის ცოდნას ასახელებდნენ.  სხვა აქცენტებს აკეთებენ ფსიქოლოგები,  ისინი საუბრობენ რომ 5 წელი არის თამაშის და არა სწავლის ასაკი. ამ ასაკში ბავშვს არ აქვს შესაბამისი მზაობა იმისათის,  რომ  სასკოლო ცხოვრება დაიწყოს. შესაძლოა მან კარგად დაძლიოს სასწავლო პროგრამა, რადგან იგი წახალისებული იქნება მშობლებისა და მასწავლებლებისგან, თუმცა სასწავლო მასალის გართულებასთან ერთად მისი მოტივაცია დაბლა დაიწევს. დიდი ალბათობაა იმისა, რომ გაჩნდეს თვითშეფასების პრობლლემა, რაც ბავშვის მომავალი განვითარებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.  მნიშველოვანი პრობლემაა კლასში არსებული ასაკობრივი სხვაობაც. ბავშვებს სხვადსხვა ასაკში სხვადსხვა სახის აქტივობები სჭირდებათ, 5 წლის ბავშვს, 6-7 წლის ბავშვისგან განსხვავებით  ყურადღების მობილიზება გაცილებით მცირე დროით შეუძლია.
ექიმების აზრით, ხუთი წლის ბავშვის ხერხემალი საკმარისად გაძვალებული არ არის, რომ ჯდომასთან დაკავშირებული დატვირთვა აიტანოს. მას არ აქვს შესაბამისად განვითარებული არც ხერხემალი და არც ხელის მტევანი. ხშირად მშობლებს და მასწავლებლებს კარგად არ აქვთ გაცნობიერებული სასკოლო ჰიგიენის ნორმები. 5-6 წლის ბავშვისთვის  არ შეიძლება გადატვირთვა და ბევრი საწერი დავალების მიცემა. ადრე დაწყებული სასკოლო ცხოვრება  ნაადრევად დაკისრებულ პასუხისმგეობლობას ნიშნავს, რაც  ბავშვის ნერვიულ სისტემაზე უარყოფითად აისახება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლისთვის მზაობა მნიშვნელოვანი მექანიზმია სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის. დღეს საქართველოში  ამ მზაობის შემოწმების რესურსი არ არსებობს. არასამთავრებო ორგანიზაცია „კივიცას საქართველომ“ ჩაატარა კვლევა „ბავშვის სასკოლო მზაობა საქართველოში“. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 200 ბავშვი , მშობელი და მასწავლებელი. კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულ ბავშვთა 60% (3-5 წლამდე ასაკის ბავშვები)  არ არის მზად სასკოლო ცხოვრების დასაწყებად. საქართველოს მონაცემები განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია.  როგორც კვლევის ორგანიზატორები აცხადებენ, ბავშვებს არ აქვთ განვითარებული მოტორიკა. მათი აზრით, ამის მთავარი მიზეზი გაუმართავი  სკოლამდელი აღზრდის სისტემაა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არ არსებობს ერთიანი სწავლების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბაღში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ერთიანად წარიმართება.
სტატიის ავტორი: ნატო ქურციკაშვილი
წყარო: www.rcs.ge